ხულო-ზარზმის გზის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება
ხულო-ზარზმის გზის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რომელიც ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. ორი მონაკვეთის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მათივე ცნობით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და შვიდ ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

„ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო  გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ  დაახლოებით 10 მილიონი ლარი  მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან. პროექტის განხორციელების შედეგად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურიზმი შეიკვრება ერთიან არტერიაში.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს“, – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.