მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ერთნაირი გამოწვევები გვაქვს, ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული უსაფრთხოება
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ერთნაირი გამოწვევები გვაქვს, ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული უსაფრთხოება

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის ანდრიან კანდუს განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლატფორმა მხარეებს დაეხმარება, იპოვონ გამოსავალი, როგორ უზრუნველყონ სამივე ქვეყნის უსაფრთხოება, რათა ევროკავშირში გაწევრიანება უფრო სწრაფად შეძლონ.

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სხდომის გახსნის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კანდუს თქმით, ასამბლეის შექმნის იდეის უკან არის ის, რაც სამივე ქვეყანას სჭირდება, რადგან ქვეყნებს საერთო გამოცდილება და საერთო გამოწვევები აქვთ.

„ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ვართ. სამივე ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება გვაქვს. ამავე დროს, ერთნაირი გამოწვევები გვაქვს, რაც რეგიონში უსაფრთხოებას ეხება. კერძოდ, ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული უსაფრთხოება. ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ის საფრთხეები, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში გვემუქრება და ასევე დეზინფორმაციის პრობლემა არსებობს. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ვაშინგტონში გვქონდა“, – დასძინა კანდუმ.