The Times - დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას აშშ-თან შეთანხმების გარეშე არ მისცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას აშშ-თან შეთანხმების გარეშე არ მისცემს. ინფორმაციას The Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აშშ უკრაინას მწვანე შუქს აუნთებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, თუმცა, როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე აზრი კვლავ ორადაა გაყოფილი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ საერთო სტრატეგიის დასახვა.
„მნიშვნელოვანია, რომ, როგორც უკრაინის მხარდამჭერ მოკავშირეებს, გვქონდეს სტრატეგია მომავალში გამარჯვებისთვის. ახლა ჩვენ ამას განვიხილავთ აშშ-თან და სხვა მთავარ მოკავშირეებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მივემართებით გენერალურ ასამბლეაზე, სადაც შევხვდებით ზელენსკის“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლემის განცხადებით, არცერთი ომი არ მოუგიათ მხოლოდ ერთი იარაღით და მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, რათა მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები საჰაერო სივრცესა და შავ ზღვაში.