მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - ლადო გრიგალაშვილმა ისეთი სასჯელი მიიღო, როგორიც დაიმსახურა
მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - ლადო გრიგალაშვილმა ისეთი სასჯელი მიიღო, როგორიც დაიმსახურა

ლადო გრიგალაშვილმა ისეთი სასჯელი მიიღო, როგორიც დაიმსახურა, – ასე ეხმაურება 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას.

როგორც მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ბრალდებულის ქცევებმა და მისმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ.

„ჩემი მოლოდინი იყო, რომ ბოლო სიტყვაში პატიებას მაინც ითხოვდა, რადგან გულწრფელი აღიარება ერთადერთი შემამსუბუქებელი გარემოება იქნებოდა და ესეც ვერ გამოიყენა. ამით მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა. კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა სასამართლოს. დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს, მაგრამ შანსი არ არსებობს, რადგან მისი პოზიცია ვარაუდებზეა დაფუძნებული. შუამდგომლობები სასამართლომ არც კი განიხილა“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას. ბრალდებულის ადვოკატის შეფასებით, მოსამართლემ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა.

„ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა“, – განაცხადა ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა.

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს.

მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.