20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა. მან მკვლელობის დღეს, 2018 წლის 22 თებერვალს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

როგორც ლადო გრიგალაშვილმა აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილზე დაქორწინებას გეგმავდა და მასთან არასდროს უჩხუბია.

ბრალდებულის თქმით, ნაცვლიშვილთან ბოლო კომუნიკაცია 22 თებერვალს დაახლოებით 05:30 საათზე ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვეღარ მოახერხა და 06:00 საათისთვის მის სახლში მივიდა.

„06:00 საათი სრულდებოდა, როდესაც მის დას მივწერე, რომ ვურეკავდი და არ იღებდა. ამდენი წლის განმავლობაში, არ მახსოვს, მისთვის დამერეკა და არ ეპასუხა.

გადავწყვიტე, მომეძებნა. მათ სახლთან მამაჩემის მანქანით მივედი. მე-5 სართულზე რომ ავედი, კარი ღია დამხვდა, რაც ძალიან გამიკვირდა. ანას დამ მითხრა, აბაზანაში იყოო. მისი ძებნა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დავიწყეთ, დასახმარებლად მეგობრებსაც დავურეკე.

მოგვიანებით, ანას ტელეფონზე პოლიციამ გვიპასუხა და გვითხრა, საავადმყოფოში გადაიყვანესო. საავადმყოფოში მივედით. უკან რომ გამოვედი, ​გარეთ „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა მოვიდა, გაგვეცნო პოლიცია და წამიყვანეს განყოფილებაში. ჩამომართვეს ყველაფერი, ტელეფონი, სიგარეტი, გასაღები. მკითხეს, ბოლოს როდის ვესაუბრე ანას. რა ხდება-მეთქი. შემდეგ მოვიდა ვიღაც თანამდებობის პირი და სხვა განყოფილებაში გადამიყვანეს“, – აღნიშნა ლადო გრიგალაშვილმა.

როგორც მან სასამართლოში განაცხადა, სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ ჰქონდათ ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა, როგორ გადაადგილდებოდა მკვლელობის ადგილზე ბრალდებული.

„სამართალდამცველმა თქვა, ვიდეოჩანაწერი გვაქვსო, რომელზეც ჩანს მკვლელობის ადგილი, სადაც შენ ხარო, რომელი მხრიდან შეხვედი და გამოხვედიო. მაჩვენეთ-მეთქი და უფლება არ გვაქვსო. დანაზეც მითხრეს. მანქანის გასაღებიც მათ ჰქონდათ. 15 წუთში შემომიტანა ფურცელი, რომ წამეკითხა. გადავავლე თვალი, აღბეჭდილი იყო ის, რაც ვითომდა აღიარებით ჩვენებაში მაქვს ნათქვამი.

მერე შემოვიდა და მითხრა, რომ ძმაკაცებიც დაკავებული იყვნენ. თუ არ გინდა შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, აქ ხელს მოაწერო. არ მოგიწერთ-მეთქი. მერე ციხეზე გადავიდა, რა შუაში იყო, ვერ გავიგე. შეხვალ ციხეში და როცა გაიგებენ, რომ ძმაკაცების გამო ხელს არ აწერ, სხვანაირად მოგთხოვენ პასუხსო. ამის მერე დავთანხმდი, ვუთხარი, რომ ხელს მოვაწერდი. დამადეს ხელბორკილი და გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში. იქიდან „კაპეზეზე“ გადამიყვანეს. შემდეგ სასამართლომ შემიფარდა პატიმრობა“- განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.