20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა იკითხება, რომელიც პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა იკითხება, რომელიც პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამა ზაქარია გრიგალაშვილი იკითხება.

ზაქარია გრიგალაშვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის პერიოდში ერთ-ერთ რაიონულ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. სწორედ მისი კუთვნილი ავტომობილიდან არის ამოღებული იარაღი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა ნაცვლიშვილის მკვლელობის დროს გამოიყენა.

როგორც გრიგალაშვილის მამამ დაკითხვისას აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილსა და ლადო გრიგალაშვილს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. თავად კი, 20 თებერვალს ღამის სმენაში იყო.

„სამსახურში წავედი დაახლოებით 19:30 საათზე, მანამდე სახლში ვიყავი, ლადოც სახლში იყო. დილამდე ვმორიგეობდი. დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დავბრუნდი. 21 თებერვალს მეწყვილესთან წავედი და დავბრუნდი საღამოს. 12 საათი ხდებოდა, როცა ლადო სახლში დაბრუნდა. აბაზანაში შევიდა და იბანავა. დაახლოებით 4-ზე მე და ჩემმა მეუღლემ დავიძინეთ, ლადო კი, ტელეფონზე მესიჯობდა. ამის შემდეგ დილამდე არ მინახავს“, – განაცხადა ზაქარია გრიგალაშვილმა.

მისი თქმით, მეორე დღეს შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ანა ნაცვლიშვილთან იყო მისული, ის დაიკარგა და მეგობრებთან ერთად ეძებდნენ.

„ვკითხე, იცოდნენ თუ არა ეს მშობლებმა.  მითხრა, რომ მამამისს ეძინა. ვუთხარი, გაეღვიძებინა და ეცნობებინა. ამის შემდეგ, საათნახევარში დამირეკა და მითხრა, რომ ანას დედას ანას ტელეფონზე პოლიციელმა უპასუხა, რომ ანა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს – მე-5 საავადმყოფო თემქაზე. ჩემმა შვილმა კლინიკაში მისვლა და მომხდარის გარკვევა მთხოვა“, – განაცხადა დაკითხვისას ბრალდებულის მამამ.

მისი თქმით, ის კლინიკაში წავიდა, თუმცა უთხრეს, რომ ახალგაზრდა იქ არ იყო. საავადმყოფოში ამ დროს ლადო გრიგალაშვილიც მივიდა მეგობართან ერთად.

„ლადო მოვიდა ჩემი კუთვნილი ავტომანქანით. ვკითხე, ისევ საავადმყოფოში იყო თუ არა ანა. როცა ლადომ დააპირა ტელეფონზე დარეკვა, ამ დროს პოლიციის მანქანა შემოვიდა ეზოში. იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო. თქვეს, რომ განყოფილებაში უნდა წავსულიყავით. წაგვიყვანეს, შეიყვანეს ოთახში, დაახლოებით საათნახევარი იქ იყო. იქ იყო ანას მამაც, დედაც, ბებიაც. ვერკვეოდით, რა ხდებოდა. ლადო რომ გამოიყვანეს,  ჩასვეს მანქანაში და თქვეს, რომ ქალაქის პოლიციის სამმართველოში მიჰყავდათ დასაკითხად. მერე გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი იყო გარდაცვლილი. მეუღლის ძმამ მომაკითხა მანქანით. პოლიციელი იყო იქვე და ვკითხე, რა იცოდა. მითხრა, რომ ჩემი მანქანისთვის ყურადღება უნდა მიექცია. მეც წამიყვანა გამოსაკითხად“, – აღნიშნა ბრალდებულის მამამ.

მისივე განმარტებით, ჩატარდა ავტომობილის ჩხრეკა, რის შემდეგაც გამომძიებელმა შეატყობინა, რომ მისი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

„ჩხრეკისას ამოიღეს ჩემი კუთვნილი დანა ქარქაშთან ერთად და ამოღებულ იქნა ანაწმენდები“, – განაცხადა გრიგალაშვილმა.

ასევე, ბრალდებულის მამამ განაცხადა, რომ ლადო გრიგალაშვილი თავშეკავებული პიროვნება იყო. ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ დაოჯახებას გეგმავდა, სურდა, კაფეც აემუშავებინა. გრიგალაშვილის მამა დადებითად ახასიათებს ანა ნაცვლიშვილსაც.

ლადო გრიგალაშვილის ბებია მარიამ გელაშვილი, რომელმაც ასევე მისცა დღეს სასამართლოს ჩვენება, ამბობს, რომ საქმე გაყალბებულია და მისი შვილიშვილი უდანაშაულოა.

„ჩვენ ოჯახს არასდროს არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩხრეკისას ვთხოვე ჩემს შვილს ჩაყოლა, რომ რამე არ მომხდარიყო, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა. ისე მალე გამოვიდა დეპარტამენტის თავმჯდომარე და თქვა, რომ მკვლელი ნაპოვნიაო, საქმე გაყალბდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ გსურთ, მე მიმეცით პასუხისგებაში. ჩემს ნათქვამზე პასუხს ვაგებ. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი რამ მაინტერესებს. დაინტერესებული პირები არიან ბატონო მოსამართლე“, – განაცხადა გელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ლადო გრიგალაშვილის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. მამისის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა.