მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის ალტერნატიულ ექსპერტიზას არ ენდობა
მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის ალტერნატიულ ექსპერტიზას, რომელიც ალექსანდრე გეჯაძის მიერ არის გაცემული, არ ენდობა.
გეჯაძემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჭრილობები გამოძიების მიერ ამოღებული დანით მიყენებული, ექსპერტი პასუხობს, რომ ჭრილობების ნაწილი შესაძლოა, ამ ცივი იარაღით, ნაწილი კი სხვა საგნით იყოს მიყენებული. მოკლული გოგონას მამა ალექსანდრე გეჯაძის ამ ინფორმაციას არ იზიარებს.
„ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ არის მისაღები. რასაც რვა თვე ლაპარაკობდა ადვოკატი, ზუსტად ის ისაუბრა ექსპერტმა. მე ვუთხარი კიდევაც, რომ კარნახის შესრულება კარგად შესძლებია“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.