მოგერინის განცხადებით, ირანთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ გადაიხედება
ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების გადახედვა არ იგეგმება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
მოგერინის განცხადებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს არ არის მისი გაუქმების მიზეზი.
„12 წელი ურთულეს პირობებში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ასეთი შედეგის მისაღწევად და შეუძლებელია, კვლავ განვიხილოთ ეს შეთანხმება ან მისი ცალკეული ნაწილები“, – აცხადებს მოგერინი.
ირანთან მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკრიტიკებს, რომელიც მას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ ხელშეკრულებას უწოდებს. დონალდ ტრამპი დღემდე უარს ამბობს, ხელმოწერით დაადასტუროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს კვარტალური ანგარიში, სადაც საუბარია, რომ თეირანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმებას 2015 წლის ივლისში მოეწერა ხელი. ქვეყანამ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციების ეტაპობრივად მოხსნის გარანტია მიიღო.