ემანუელ მაკრონი - ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა „პანდორას ყუთის“ გახსნა იქნება
ემანუელ მაკრონი - ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა „პანდორას ყუთის“ გახსნა იქნება

ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლამ შესაძლოა, ყველაზე ნეგატიური სცენარი გამოიწვიოს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონს მოვლენების ასეთი განვითარება სურს, – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ეს პანდორას ყუთის გახსნა და ომი იქნებოდა“, – აღნიშნა მაკრონმა, თუმცა იქვე დასძინა, არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპს სურს ომი.

ირანთან ბირთვული შეთანხმება აშშ-ში ემანუელ მაკრონის ბოლო ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო. როგორც ვაშინგტონში საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, მისთვის სამწუხაროა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია თეირანთან მიღწეულ შეთანხმებას „კატასტროფას“ ან „ღამის კოშმარს“ უწოდებს.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა თეირანმა და საერთაშორისო „ექვსეულმა“ (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი) 2015 წელს შეათანხმეს. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია მისი წინამორბედის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ირანთან მიღწეული შეთანხმება. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მომავალში ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.