ირანთან „ბირთვული შეთანხმების“ თემის განსახილველად, ბორის ჯონსონი აშშ-ში ჩადის
ირანთან „ბირთვული შეთანხმების“ თემის განსახილველად, ბორის ჯონსონი აშშ-ში ჩადის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ში ჩავა. ბორის ჯონსონის ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი თემა ირანთან გაფორმებული „ბირთვული შეთანხმება“ იქნება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და აშში-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან გამართავს.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე ჯონსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ბრიტანეთს ბევრ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე ერთნაირი პოზიცია აქვთ.

აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელშეკრულებიდან აშშ-ის გაყვანით იმუქრება.

„დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროპელი პარტნიორები თანხმდებიან, რომ ირანის ქცევა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის, მიუღებელია. მათ შორის, კიბერთავდასხმები, „ჰეზბოლას“ მსგავსი ჯგუფების დაფინანსება, ასევე სარაკეტო პროგრამა და იემენში ჰუსიტი მეამბოხეების შეარაღება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ამასთან ერთად, აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება, საუკეთესო საშუალებაა, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნაზე ხელი ააღებინონ. ბორის ჯონსონი შეეცდება, დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ აშშ-მა არ უნდა დატოვოს ეს ხელშეკრულება. ირანი უკვე დაიმუქრა, რომ აშშ-ის ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში, თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს.