მოემზადეთ, ამაღამ მეტეორთა წვიმაა - საიდან და როგორ დავაკვირდეთ უკეთესად
სუპერმთვარის შემდეგ, გემინიდების ჯერიც დადგა. ყველასათვის ცნობილი, კაშკაშა მეტეორთა წვიმა პიკს მიაღწევს 13 დეკემბრის ღამეს და 14 დეკემბრის გამთენიისას.
გემინიდები ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ყოველწლიურ მეტეორთა წვიმად ითვლება, რადგან თითოეული მეტეორი საკმაოდ კაშკაშაა და პიკის დროს, ცაზე შესაძლებელია საათში 120 მეტეორის დანახვა. სინათლით დაბინძურებულ ცაზე, რა თქმა უნდა, ხილვადობა გაცილებით დაბალია.
გემინიდების მეტეორთა ნაკადის შესახებ არსებული უძველესი ჩანაწერები დაახლოებით 200 წლისაა; მასზე დაკვირვების პირველი ჩანაწერი 1833 წლით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, ცას მდინარე მისისიპიდან, ნავიდან აკვირდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეტეორთა ნაკადი წლიდან წლამდე ძლიერდება, რადგან იუპიტერის გრავიტაციამ, საუკუნეთა განმავლობაში ნაწილაკთა ნაკადი გამოზიდა და დედამიწის ორბიტის სიახლოვეს გადმოტყორცნა მათი წყაროდან — ასტეროიდ 3200 ფაეტონიდან.
როდის ვუყუროთ
მეტეორთა წვიმა პიკს მიაღწევს 13 დეკემბრის ღამეს და 14 დეკემბრის გამთენიისას.
გემინიდები, როგორც სახელიც მიუთითებს, გამოჩნდება, რომ მოდიან მარჩბივის თანავარსკვლავედიდან (Gemini – ტყუპები). იმისათვის, რათა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს თანავარსკვლავედი ვიპოვოთ, გავიხედოთ ცის სამხრეთ-დასავლეთით, მოვძებნოთ ორიონის თანავარსკვლავედი, რომელიც ადვილი შესამჩნევია ჩამწკრივებული სამი კაშკაშა ვარსკვლავით. შემდეგ ავიხედოთ მის ოდნავ მაღლა და მარცხნივ, სადაც მარჩბივს შევამჩნევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკადი მარჩბივიდან მომდინარედ გამოჩნდება, მათი დანახვა მთელ ცაზეც იქნება შესაძლებელი.
საიდან მოდის?
გემინიდები დაკავშირებულია დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტ 3200 ფაეტონთან; ეს გახლავთ ასტეროიდი, რომელიც როგორც ჩანს, შორეულ წარსულში შეეჯახა სხვა ობიექტს, რის შედეგადაც წარმოიქმნა ნაწილაკთა ნაკადი. სწორედ ეს ნაკადი მოდის დედამიწისკენ და წარმოქმნის ე. წ. მეტეორთა წვიმას.
ასტეროიდი 3200 ფაეტონი მზეს გარს უვლის ყოველ 1,4 წელიწადში ერთხელ. ხანდახან, იგი ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან (უსაფრთხონ მანძილზე) და ძალიან ახლოს ჩაივლის მზესთან, მერკურის ორბიტის შიგნით, სულ რაღაც 0,15 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზესა და დედამიწას შორის).
კოსმოსში არსებულ კლდოვან ნამსხვრევებს, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ეჯახებიან, მეტეორიდებს უწოდებენ. ატმოსფეროზე მათი დარტყმა მეტეორების სახელითაა ცნობილი და თუკი ისინი დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევენ (რაც გემინიდების შემთხვევაში არ მოხდება, რადგან ეს ნაწილაკები საკმაოდ პატარაა), ნამსხვრევებს უკვე მეტეორიტები ეწოდება.
როგორ დავაკვირდეთ უკეთესად
მეტეორთა წვიმის დასანახად სულაც არაა საჭირო ბინოკლი ან ტელესკოპი — ერთადერთი, რაც გჭირდებათ, შიშველი თვალები და კარგი მხედველობაა.
იპოვეთ კომფორტული ადგილი, განათების წყაროდან შორს, სადაც ცა ძალიან ბნელია. თვალებს სულ რაღაც 20-30 წუთი აცალეთ, რათა სიბნელეს შეეგუოს, შემდეგ კი უბრალოდ, დატკბით სანახაობით.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით