მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს განახლებული რეპერტუარით ხსნის
მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს განახლებული რეპერტუარით ხსნის

მოძრაობის თეატრში სეზონი კახა ბაკურაძის „ფაუსტით“ გაიხსნება.

როგორც მოძრაობის თეატრში აცხადებენ, ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი და რამდენიმე პრემიერა ელის. დაგეგმილია ამერიკულ დასთან ერთად ერთობლივი სპექტაკლის დადგმა, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრს ესტუმრება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის ცნობით, ვაშინგტონიდან   საცეკვაო დასი მოძრაობის თეატრში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.

„ოქტომბერში მათთან ერთად ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმულ სპექტაკლს გამოვუშვებთ. სპექტაკლს „დიდი თამაში“ ერქმევა. ასევე ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ცნობილ ბრიტანელ ქორეოგრაფთან, უეინ მაკგრეგორთან და მისი დასის წევრებთან ვითანამშრომლებთ. ჩვენი ერთობლივი ნამუშევრის ჩვენება თბილისობას, ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, – აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

იოსებ ბაკურაძის ცნობით, ამერიკული პროექტის ფარგლებში მოძრაობის თეატრს ასევე ეწვევა იმპროვიზაციის პედაგოგი, რომელიც ქართველ  მსახიობებს სპეციალურ მასტერკლასს ჩაუტარებს.

თეატრის ხელმძღვანელობა ახალ სეზონზე საერთაშორისო წარმატებებსაც ელის და რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამგზავრებას გეგმავს. ნოემბერში მოძრაობის თეატრი მიწვეულია მინსკშისპექტაკლით „ასტიგმატისტები“. როგორც მოძრაობის თეატრში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის წარმომადგენლობასთან.