მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ზუგდიდის მერიასთან აქცია გაიმართა
„სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით ზუგდიდის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები და ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი მხარდაჭერას უცხადებენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს.
მერიასთან შეკრებილებს შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია.
„ზუგდიდი არის პირველი ქალაქი, სადაც თბილისს გარეთ დაიწყო აქციები, იმის სათქმელად, რომ უკვე ყველგან სირცხვილია. ეს ამბავი არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის ან ერთი ქუჩის, სირცხვილია ყველგან, სადაც ვრცელდება გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის გამოწვევას, რომელმაც სილა გააწნა საზოგადოებას, რომელიც ძალადობრივი ქმედებების გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა და მას პრემიერ-მინისტრად დაუნიშნა. ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე ბრძოლას, რომ 2020 წელს დავასრულოთ რეჟიმი, რომელმაც დააზიანა და დააზარალა ჩვენი სახელმწიფო“, – განუცხადა ჟურნალისტებს „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.
მისივე თქმით, 20 სექტემბრამდე აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს სამხარეო პოლიციისა და ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლები.