სომხეთში საპროტესტო მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი“ აქციებს შუადღეს განაახლებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე განაცხადა.
მისი მოწოდება დაუმორჩილებლობის ახალი ძალით გამოცხადებას შეეხება. „კიდევ ერთი ნაბიჯი და დავასრულებთ ამ ისტორიას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
დღეისათვის დაგეგმილ აქციებს შორისაა ქუჩებისა და ხიდების გადაკეტვაც. ამ მიზნით ერევანი-სევანის გზაზე 80 სატვირთო მანქანაა მობილიზებული.
თავად ფაშინიანი მორიგ მსვლელობას ლამბადის ხიდიდან დაიწყებს.
მანამდე კი ყველა მძღოლს მოუწოდეს, რომ დღეს 12:05 საათზე გააჩერონ ავტომობილები და 20 წუთის განმავლობაში უძრავად დარჩნენ. რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი კი 19:00 საათზეა დანიშნული.