რესპირატორულ ვირუსებს ზამთარი ძლიერ უყვართ. ეს პათოგენები სიცივეში „იფურჩქნებიან“ და მასპინძლიდან მასპინძლამდე მშრალ ჰაერში ადვილად გადაადგილდებიან.
„როდესაც გარეთა, ცოტა სინოტივის მქონე ცივი ჰაერი შენობაში შედის და თბება, მისი ფარდობითი ტენიანობა დაახლოებით 20 პროცენტით ეცემა. მშრალი ჰაერი კი ჰაერწვეთოვან ვირუსებს მკაფიო გზას უხსნის“, — წერს განცხადებაში იელის უნივერსიტეტის იმუნობიოლოგი აკიკო ივასაკი.
ფარდობითი ტენიანობა არის საზომი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად არის ჰაერი გაჯერებული წყლის ორთქლით. შესაბამისად, ოთახში, სადაც ფარდობითი ტენიანობა 40 პროცენტს შეადგენს, ჰაერის სრული შემადგენლობის 40 პროცენტი ტენზე მოდის.
რაც უფრო მშრალია ჰაერი, მით უფრო დაბალია ფარდობითი ტენიანობა და მასში ვირუსების, მათ შორის კორონავირუსების გავრცელება გაცილებით მარტივია.
სწორედ ამიტომ, ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აეროზოლების მკვლევარი ლინსი მარი, რომელიც კორონავირუსის გადადებას სწავლობს, გვირჩევს, რომ სახლში ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა გამოვიყენოთ.
„შეგიძლიათ შეიძინოთ დამატენიანებელი და სინოტივის მაჩვენებელი 40 პროცენტს ზემოთ მიუთითოთ, თუმცა, ზამთარში ის 60 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთ გარემოში ვირუსს გადარჩენა უჭირს და თქვენი იმუნური პასუხიც უკეთესად მოქმედებს, ვიდრე მშრალ ჰაერში“, — ამბობს ლინსი მარი.
ტენიანობა და ტემპერატურა გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელებაზე
კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსი უფრო მარტივად მაშინ ვრცელდება, როდესაც დაბალია ტემპერატურა და ტენიანობა.
აეროზოლების მეცნიერ აჯიტ აჰლავატისა და მისი კოლეგების მიერ ივლისში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების შანსები მშრალ ადგილებში უფრო მაღალია, ვიდრე ტენიან ადგილებში.
ამის მიზეზი ის არის, რომ მშრალ, ნაკლებად ტენიან ადგილებში კორონავირუსის ნაწილაკები ნაკლებ ტენს ისრუტავს და შესაბამისად, ჰაერში ჩამოკიდებულიც უფრო დიდხანს რჩება. ეს კი ზრდის შანსს, რომ ის ვიღაცამ შეისუნთქოს და დაინფიცირდეს.
გარდა ამისა, ტემპერატურისა და ტენიანობის კლებისას კორონავირუსის ნაწილაკები უფრო სტაბილური ხდება, რაც მათ შენარჩუნებასა და ახალი მასპინძლის ინფიცირებას უწყობს ხელს.
გრიპის მსგავსად, კორონავირუსი დაფარულია ცხიმოვანი ფენით, რომელსაც ლიპიდურ გარსს უწოდებენ; ეს გარსი ვირუსს ერთი ადამიანიდან მეორემდე მიღწევის მონაკვეთში გადარჩენაში ეხმარება. მაღალ ტემპერატურაზე მისი ეს დამცავი ფარი უფრო მალე შრება.
ტენიანი ჰაერი ლიპიდური გარსის სტრუქტურას აზიანებს და საბოლოოდ, ხდება ვირუსის ინაქტივაცია.
„დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით ცუდად ვენტილირებად ადგილებში, მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ შენობებში კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების გასაკონტროლებლად, გირჩევთ ჰაერის დამატენიანებლების გამოყენებას“, — ამბობს აჰლავატი.
ლინსი მარის მსგავსად, ისიც გვირჩევს, რომ დახურულ სივრცეში ჰაერის ფარდობითი ტენიაბიობა 40-60 პროცენტის ფარგლებში შევინარჩუნოთ.
მაღალი ტემპერატურა ამცირებს ვირუსის გავრცელებას ზედაპირების გზითაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზით ვირუსის გადადება იშვიათად ხდება.
ივნისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თბილი ამინდი ზედაპირებზე კორონავირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.
40-60 პროცენტი ფარდობითი ტენიანობა სასარგებლოა ჩვენი იმუნური სისტემისთვისაც
ამ შემოდგომით, ივასაკიმ შექმნა პეტიცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დახურული სივრცის ტენიანობის შესახებ სახელმძღვანელოს გამოცემისკენ მოუწოდებდა. მისი განცხადებით, 40-60 პროცენტ ფარდობით ტენიანობაზე ჩვენი სასუნთქი სისტემა მრავალი ვირუსის წინააღმდეგ მძლავრ იმუნურ პასუხს ინარჩუნებს.
ჩვენი იმუნურის სისტემის თანდაყოლილი დამცავი საშუალებები, მაგალითად, ცხვირის ლორწო, ტენიან ჰაერში უკეთესად მოქმედებს.
იმიტომ, რომ ლორწო ფარავს მოქნილ, თმის მსგავს წანაზარდებს, სახელად წამწამებს, რომლებიც ჩვენს სასუნთქ გზებში პირდაპირ უჯრედებიდან არის გამოზრდილი (ირხევიან დაახლოებით ისე, როგორც წყალმცენარეები ზღვის ფსკერზე). ეს წამწამები იჭერენ სასუნთქ გზებში მოხვედრილ ვირუსულ ნაწილაკებს, რომლებიც ჩვენს ფილტვებამე მიღწევას ცდილობენ.
ივასაკისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ტენიანობა ლორწოს აშრობს, რის შემდეგაც, დამცავი წამწამების მოქმედება ჩერდება და ქვეითდება მათ მიერ ვირუსების დაჭერის უნარი.
ექსპერტები გვაფრთხილებენ ზედმეტი ტენიანობის შესახებაც
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტენიანობის მაჩვენებელი ზედმეტად ჭარბი არ იყოს.
„ძალიან იფრთხილეთ, რომ ტენიანობა 65 პროცენტს არ ასცდეს, რადგან ეს უკვე სოკოების ზრდას უწყობს ხელს“, — ამბობს მარი. სოკოებს კი შეუძლია გამოიწვიოს ასთმა; ამავე დროს, მრავალი ადამიანი სოკოს სპორების მიმართ ალერგიულია.
აჰლავატი ასევე აღნიშნავს, რომ 60 პროცენტზე მაღალი ტენიანობა დახურულ სივრცეში მყოფთათვის ზედმეტად არაკომფორტული იქნება.
ამასობაში, ზოგიერთი ექსპერტი ვირუსის გადადების შემცირების მიზნით ჰაერის დამატენიანებლების გამოყენებას მთლიანად ეწინააღმდეგება.
„ეს მიდგომა დამტკიცებული არ არის და აქვს პოტენციურად ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტები. არ გირჩევთ“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობის პროფესორი დონალდ მილტონი.
ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აეროზოლების მკვლევარი ლინსი მარი კი რეკომენდაციის გვერდით ასევე გვაფრთხილებს, რომ დამატენიანებლების გამოყენება ვირუსის გავრცელების შეჩერების პანაცეა არ გახლავთ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ჰაერის კარგი განიავება/ფილტრაცია და ხელების ხშირად დაბანა“, — ამბობს იგი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.