„მკვლელი ტბა“ აფრიკაში, რომელიც სამოთხეს ჰგავს, მაგრამ სიღრმეში მომაკვდინებელ საიდუმლოს მალავს — #1tvმეცნიერება
აფრიკაში, კივუს ტბაზე მოტივტივე ელექტროსადგურზე მყოფი ინჟინრები ნერვიულად აკვირდებოდნენ შორიახლოს ვულკანის ამოფრქვევას; ბიძგები ქვეშ, წყალშიც იგრძნობოდა.
ნიირაგონგოს მთა შარშან მაისში ამოიფრქვა, მაგრამ ინჟინრების მღელვარების მიზეზი ის სულაც არ იყო; მათ კივუს ტბაში დაგროვებული ფეთქებადი გაზის უზარმაზარი კონცენტრაცია აშფოთებდათ. კივუ აფრიკის დიდი რიფტული ხეობის ერთ-ერთი ტბაა, რომელიც რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მდებარეობს.
სარკისებრ, მშვიდ წყალში გარშემო მდებარე მწვანე ბორცვები თვალწარმტაცად ირეკლება, მაგრამ კივუ არც ისე წყნარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამას მოწმობს KivuWatt-ის თანამშრომელი ფრანსუა დარჩამბოც; ეს კომპანია ტბის წყლიდან გაზს იღებს და მისგან ელექტროენერგიას აწარმოებს.
ათასობით წლის მანძილზე მიმდინარე ვულკანურმა აქტივობამ კივუს სიღრმეში დიდი ოდენობით მეთანი და ნახშირორჟანგი დააგროვა, იმდენი, რომ თავისუფლად შეუძლია დიდი, მომენტალური კატასტროფის გამოწვევა, თუკი ეს აირები ტბიდან გამოთავისუფლდება.
ასეთ შემთხვევებში, ე. წ. ლიმნოლოგიური ამოფრქვევა იწვევს ღრმა წყლებიდან ზედაპირზე გაზის უზარმაზარ აფეთქებას, რაც წარმოქმნის დიდ ტალღებსა და გაზის ტოქსიკურ ღრუბელს, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება შეუქმნას საფრთხე.
„ამას მკვლელ ტბას ვეძახით“, — ამბობს ლიმნოლოგი, ანუ მტკნარი წყლის სისტემების ექსპერტი ფრანსუა დარჩამბო.
მსოფლიოში მხოლოდ სამი ასეთი ტბა არსებობს: კივუ, ნიოსისა და მონუნის ტბები ჩრდილო-დასავლეთ კამერუნში.
ამ ორ უკანასკნელზე, ლიმნოლოგიური ამოფრქვევები 1980-იან წლებში მოხდა; უფრო დიდი იყო ნიოსის კატასტროფა, როდესაც ტბიდან ამოფრქვეულმა ტოქსიკურმა ნახშირორჟანგმა 1700-ზე მეტი ადამიანი გაგუდა.
თუმცა, როგორც დარჩამბო აღნიშნავს, ეს კატასტროფები სასოფლო დასახლებებში მოხდა და თუკი მსგავსი რამ კივუზეც მოხდება, რისკის ქვეშ ორ მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდება.
რუანდაშიც და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც, მრავალი ადამიანი კივუს შიშით ცხოვრობს; უხვად დადის ამბები ტბაში გაუჩინარებულ მოცურავეთა შესახებ.
თუმცა, საფრთხესთან ერთად, ეს ტბა პერსპექტივასაც წარმოადგენს.
KivuWatt-ი ამ სახის ერთადერთი პროექტია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ აირებს ენერგიის გამოსამუშავებლად იყენებს.
KivuWatt-ის უნიკალური, მოტივტივე პლატფორმა მრავალსართულიან ნაგებობას წააგავს, კივუს ტბის რუანდის ნაწილში მდებარეობს და შედგება მილებისა და ტივტივებისგან.
პლატფორმა დაახლოებით 350 მეტრის სიღრმიდან ზედაპირზე ტუმბავს ნახშირორჟანგითა და მეთანით გაჯერებულ წყალს. მაღლა ამოსვლისას, წნევა იცვლება და წყალი და აირი ერთმანეთისგან ცალკევდება.
„გაზიანი სასმლის ბოთლის გახსნას ჰგავს. ეს სადგური თერმული და განახლებადი ენერგიის სადგურებს შორის სადღაც შუაშია“, — ამბობს KivuWatt-ის დირექტორი პრიშამ ნუნდაჰი.
გამოცალკევებული მეთანი მილით რუანდის სანაპიროზე მდებარე მეორე ობიექტში გადადის, სადაც გაზი ელექტროენერგიად გარდაიქმნება.
ნახშირორჟანგს უკან, ტბაში აბრუნებენ, საკმარის სიღრმეზე, რათა არ დაირღვეს იქ არსებული დელიკატური ბალანსი.
კომპანია იმედოვნებს, რომ მეთანის ამოღება დროთა განმავლობაში ტბაში წნევას შეამცირებს და შესაძლოა, ლიმნოლოგიური ამოფრქვევის რისკიც შემცირდეს.
თუმცა, ასეთი კატასტროფის საშიშროება გაიზარდა 2021 წლის მაისში, როდესაც კივუს ტბის ჩრდილოეთით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამოიფრქვა აქტიური ვულკანი ნიირაგონგო.
ლავის ნაკადმა 32 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით სახლი გაანადგურა, რეგიონში მოხდა მიწისძვრა. ლავის მეორე ნაკადი ტბის, მიწაში ქვეშ შთაინთქა.
ამ ყველაფერს KivuWatt-ის ინჟინრები სადგურიდან უყურებდნენ. განიხილებოდა მისი გაჩერებაც, მაგრამ საბოლოოდ, ამაზე უარი თქვეს.
სადგურის გაჩერებას რუანდისთვის სერიოზული შედეგები ექნებოდა, რადგან KivuWatt-ი ამ ქვეყანაში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 30 პროცენტს გამოიმუშავებს.
2015 წელს გახსნილ სადგურს ამერიკული კომპანია ContourGlobal-ი ფლობს. იგეგმება მისი სიმძლავრის 26-დან 100 მეგავატამდე გაზრდა.
მსგავსი სადგურის ამუშავებას სხვა კომპანიაც გეგმავს. რაც შეეხება კონგოს, ეს ქვეყანა ტბის თავის ნაწილში ასეთ პროექტს ჯერ არ განიხილავს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.