მხატვარმა ნინო გამსახურდიამ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა
მხატვარმა ნინო გამსახურდიამ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ნინო გამსახურდიამ დღეს ორბელიანების სასახლეში ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა, რომელშიც ძველი ცივილიზაციის მხატვრული სკოლებისთვის დამახასიათებელ პიგმენტებთან ერთად, შესულია ორი ქართული პიგმენტი – სამნაირი ყვითელი იასპი და ფირუზი.

ენციკლოპედია შვეიცარიაში რვა წლის განმავლობაში იქმნებოდა, მასზე ორი ავტორი მუშაობდა და მასში საქართველოში მოპოვებული ფერადი პიგმენტები სწორედ მხატვარ ნინო გამსახურდიას ძალისხმევით მოხვდა.

მხატვარ ნინო გამსახურდიას განცხადებით, ეს წიგნის მისი სამეცნიერო, ნახევრად სამეცნიერო, ნახევრად შემოქმედებითი მუშაობის ნიმუშია.

„მეც წიგნის ავტორებთან ერთად ვმუშაობდი, რომლებსაც მივაწოდე საქართველოში მოპოვებული ფერადი პიგმენტები, რომლებიც მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალურია და გამოიყენებოდა ქართულ ხატწერაში, ფერწერაში, კედლის მხატვრობაში.

დღეს ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც ამითაა დაკავებული. მე ვიცნობ მხოლოდ ერთადერთ ადამიანს – ეს არის არაჩვეულებრივი გეოლოგი, მინერალოგი მურად ტყემალაძე, რომელთანაც ვთანამშრომლობ უკვე რამდენიმე წელია. მისგან მე ვიღებ ქართული ქვებისგან დამზადებულ პიგმენტებს და რამდენიმე პიგმენტი შევიდა ამ წიგნშიც. ეს იყო ჩემი წვლილი ამ წიგნის დამუშავებაში.

წიგნი ჩამოვიტანე საქართველოში, რადგან მინდა რომ ჩვენ ქვეყანაშიც იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის უდიდესი ენციკლოპედია, არ არსებობს სხვა ასეთი ენციკლოპედია, სადაც შესულია ყველა ფერადი პიგმენტი, რაც მსოფლიოში მოიპოვება. მასში უმაღლესი ხარისხით და ზუსტადაა გადმოცემული ფერი, ისევეა დაბეჭდილი, როგორც არის ბუნებაში.

ჩვენ, სრულიად ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, ყველაფერი გადასულია ტექნიკაზე, ზოგადად, ძალიან მოვწყდით ბუნებას. პანდემიამ და ურთულესმა წლებმა დაგვანახვა, რომ ბუნებას უნდა დავუბრუნდეთ და დავუკავშირდეთ.

ვფიქრობ, ჩემი წვლილი შემაქვს იმ საქმეში, რომ ვუბრუნდებით ჩვენს ფესვებს საიდანაც მოვედით, მინერალებისაგან ფერის დამზადების ძველი ტრადიცია ტექნიკურად ძალიან დავიწყებულია, ინფორმაციაც, ცოდნაც თითქმის აღარ არსებობს“, – აღნიშნა ნინო გამსახურდიამ.