საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული ბოლო ფილმის მიმართ შენიშვნები, ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსაც აქვს. „ჟურნალისტური რესურს-ცენტრის“ მიერ მომზადებულ ნახევარსაათიანი მასალის გაცნობის შემდეგ, საბჭო მიიჩნევს, რომ მაუწყებელს კომერციული რეკლამების განთავსებასთან ან სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, გადაცდომები არ ჰქონია.
„რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“,- ასე ჰქვია ჩვენი არხის შესახებ ფილმს, რომელიც არაერთ უზუსტობას, შესაძლო კორუფციაზე მინიშნებებს და მენეჯმენტის მიმართ მწვავე ბრალდებებს შეიცავს. ფილმის ავტორები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მაუწყებელი რეკლამის შესახებ კანონს არღვევს და ბოროტად იყენებს. თუმცა ფილმში მოყვანილი ფაქტები რომ რეალობას არ შეესაბამება, ამაში დარწმუნება მხოლოდ ტელევიზიის საეთერო ბადის გადახედვითაც კი შესაძლებელია.
ტელევიზიის მენეჯმენტი არხის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და სადავო ფილმის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, სხვა შემთხვევაში არხის ხელმძღვანელობა სამართლებრივ დავას აპირებს.