მიწის რეფორმის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის ზღვრული ოდენობა დადგინდება
მიწის რეფორმის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის ზღვრული ოდენობა დადგინდება

მიწის რეფორმის ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეღავათიანი პირობებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის ზღვრული ოდენობა დადგინდება.

შესაბამის ცვლილებას საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომლის ინიცირება 18 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე რეგისტრირებული საკარმიდამო ნაკვეთისა და კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

ცნობისთვის, კანონის მე-7 მუხლი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს ეხება და მე-9 ნაწილში აღნიშნულია – “თუ 1992-2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა მიწაზე ქონებრივი მდგომარეობის მითითების გარეშე, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და არ იძებნება მიწაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომლის წევრთა ფაქტობრივი მფლობელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში”.

დატოვე კომენტარი