მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე თბილისის მერიაში ხვალ შეხვედრა გაიმართება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ხვალ მერიაში შეხვედრა გაიმართება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით არსებობს კითხვები.
„ხვალ შეხვედრა გაიმართება, სადაც მოწვეული არიან ექსპერტები, ასევე განხილვას დაესწრებიან „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები. მერიაში კონკრეტულ სამსახურს აქვს კითხვები აღნიშნულ საკითხზე.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რაზეც უნდა დაფუძნდეს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება, შესაბამისად, ამ დოკუმენტს აქვს დიდი მნიშვნელობა და უნდა იყოს სრულყოფილი და სწორი.
იქნება განხილვები და უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. 28 მარტს არის ბოლო ვადა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.
მინდა უფრო მეტი დრო დაეთმოს განხილვას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროფესორი ჩაერთოს და ნახოს რაზეა ზოგადად საუბარი“,- განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დოკუმენტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
„როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შევქმენით ექსპერტთა ჯგუფი და მივმართეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩართულიყვნენ ამ განხილვებში, რომ შემდგომ არ ყოფილიყო დემაგოგიური, პოპულისტური განცხადებები, თუმცა მათ ეს არ ისურვეს და ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა კახა კალაძემ.