მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
„სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები.
პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა”, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ბიზნესის წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.