მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა.
როგორც მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა, იღუმენ დანიელ გვილავას ბრალად ედება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.
„ეკლესიაშიც გამორჩეული ხალხი აღმოჩნდებიან თავისი ადამიანური სიჭარბით, როცა ვერ საზღვრავენ ღვთისას და თავისას, უკვე იწყება მათი განდგომილება ეკლესიიდან. ეკლესიასაც აქვს თავისი დამოკიდებულება, მაგრამ სინანულით ნებისმიერი ადამიანი უბრუნდება ქრისტეს. როცა მღვდელმთავარი უცერემონიოდ აცხადებს, პატრიარქს ბრალს დებს, ეს ჰაერში და ტელევიზიებში არ უნდა იყვირო, მოხვიდე და მოიტანო ბრალდება. ბრალდებები ისმის ყოველ წუთში, ეს არის სიტყვის თავისუფლებით შენიღბული. როცა შენ ხარ მღვდელი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მან აღნიშნა, რომ ეკლესიაში არის სამი დასი – ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. ეს სამი დასი ერთმანეთთან სუბორდინაციაში უნდა იყვნენ.
მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთას უპასუხა სალხინოს მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა და იღუმენმა დანიელ გვილავამ.
„მომიხსნა ყველანაირი სტატუსი და ბერობამდე დამიყვანა. მღვდელი აღარ ვარ, ბერი ვარ. არ ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას და არ დავემორჩილები. სააპელაციო წერილი უკვე გაგზავნილი გვქონდა, როცა შეგვიჩერა უფლებები. მას არანაირი კანონიკური უფლება არ ჰქონდა. ერთპიროვნულად გააკეთა. პაპიზმია ჩვენს ეკლესიაში და კომუნისტური პარტიაა პირდაპირ გეუბნებით. სოციალიზმი ჯერ არ გადასულა ეკლესიიდან. კპმუნისტური პარტიაა. რა ვქნათ, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეა ილია მეორე“, – განუცხადა სატელეფონო საუბრისას დანიელ გვილავამ საქართველოს პირველ არხს.