მირზა ნოზაძე - არანაირი შედეგი არ მოჰყვება „ნამახვანჰესზე“ ექსპერტების ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებებს ან თუნდაც, კერძო კომპანიის დამფუძნებლებთან პირად საუბრებში შეთანხმებებს
ხელისუფლება ადეკვატურად არ აფასებს პროტესტს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დღეს საუბრებიდან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოირკვა, თითქოს, ხელისუფლება ცდილობს, მოლაპარაკებები წარმართოს კერძო კომპანიის დამფუძნებლებთან, რომ ხელშეკრულებაში შეიძლება, შეიცვალოს რაღაც კონკრეტული პირობები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვენიშნა ისევ და ისევ იმ მესიჯად, რომ ხელისუფლება ისევ რჩება თავის პოზიციაზე, რომ ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება. ანუ, მიუხედავად დიალოგისა, რომელსაც შეკრების პირველივე დღიდან ვაინიცირებთ და მიუხედავად ამ დიალოგისა, რომელზეც წინა პარასკევს გვქონდა საუბარი, რაზეც საზოგადოებამ ამხელა იმედები დაამყარა, დიალოგი ისევ დიალოგად უნდა დარჩეს, თუ ჩვენ დავასკვნით, რომ ხელისუფლება ჩვენთან დიალოგის წარმართვამდე ცდილობს, კერძო კომპანიის დამფუძნებლებს ხელშეკრულებაში რაღაც პირობების შეცვლაზე მოელაპარაკოს, რამაც შეიძლება, პროტესტის დეესკალაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა ნოზაძემ.
მირზა ნოზაძის თქმით, ხელისუფლება პროტესტის ავტორებს, ხალხს უნდა ესაუბროს.
„ვიდრე არ გაიგებენ, რეალურად რა პრეტენზიები აქვს ხალხს ამ პროექტზე და არ ჩამოყალიბდება კონკრეტული კითხვები თავისი პასუხებით, აზრი არ აქვს მათგან არანაირ მოლაპარაკებას თუნდაც, ექსპერტებთან. რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი არ მოჰყვება ექსპერტების ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებებს ან თუნდაც, კერძო კომპანიის დამფუძნებლებთან პირად საუბრებში შეთანხმებებს“, – განაცხადა ნოზაძემ.
როგორც ნოზაძემ აღნიშნა, ხელისუფლება წინა პარასკევს აცხადებდა, რომ ისინი ეთანხმებიან დიალოგის წარმართვას იმ რეჟიმში, რომ დიალოგმა გადაწყვიტოს, ჰესი უნდა აშენდეს თუ არა და შესაბამისად, თუ შეიძლება, ჰესი არ აშენდეს, ხეობაში სამუშაოები უპირობოდ უნდა შეჩერდეს, რაც პროტესტის ავტორების ახირება არ არის.
ნოზაძემ ასევე განაცხადა, რომ მათ გეგმა შემუშავებული აქვთ და ყველა სცენარის შემთხვევაში იციან, როგორ იმოქმედონ.
„მაგალითად, ხვალ თორმეტ საათამდე რა განცხადებაც გაკეთდება, შესაბამისი ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს და აუცილებლად განვაცხადებთ“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.
გადაცემაში „დღის თემა“ აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლება ხვალ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.