მიროსლავ ლაიჩაკი - მსურს, შევაქო საქართველო იმ პროგრესისთვის, რომელსაც მიაღწია დემოკრატიის გაძლიერებასა და კარგ მმართველობაში, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მხარდაჭერა, სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს 2019 წლის თავმჯდომარის, დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
როგორც ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ყოფნისას მინისტრი ლაიჩაკი მიესალმა ქვეყნის ერთგულებას რეფორმებისადმი.
„მსურს, შევაქო საქართველო იმ მდგრადი პროგრესისთვის, რომელსაც მან მიაღწია დემოკრატიის გაძლიერებასა და კარგ მმართველობაში, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში. ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს ქვეყანას უსაფრთხოების ამ სამივე განზომილებაში“, – აღნიშნა მან.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა.
„ამ მოგზაურობამ უფრო მკაფიოდ დამანახა ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. ჰუმანიტარული მიდგომა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და სხვა საკითხები, ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტი“, – განაცხადა ლაიჩაკმა სოფელ ოძისში ვიზიტის შემდეგ.
საქართველოში ვიზიტისას, მიროსლავ ლაიჩაკი შეხვდა პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს.
მან ასევე კონსულტაციები გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოეგთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ გიორგი წერეთელთან. მოლაპარაკებების დროს, მინისტრმა ლაიჩაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი საგარეო და საშინაო გამოწვევებთან გასამკლავებლად მის ძალისხმევაში.
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწოდა პარტნიორებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში.
ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პლატფორმები, რომლებიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგების გამკლავებას უკავშირდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„თუ ჩავერთვებით ერთმანეთთან დიალოგში, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გაუმჯობესებას კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანებისთვის – ჩვენ ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომელიც დაგვეხმარება ამის გაგრძელებაში“, – განაცხადა ლაიჩაკმა.