მირიან წიკლაური - წინააღმდეგი ვარ, რასაც ლგბტ თემი ქადაგებს, თუმცა, მე რომ ამის გამო ვიღაცაზე ვიძალადო, დაუშვებელია
ლგბტ თემა შესაძლოა, თავისთავად პრობლემური არ იყოს, უბრალოდ ამის მიმართ პრობლემური ჩვენი დამოკიდებულებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მირიან წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა დაუშვებელია და აღნიშნა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც უნდა ჰქონდეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება.
„ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ერთი მართლმადიდებელი ქართველი კაცი ვარ, რომლისთვისაც ერთსქესიანთა ურთიერთობები ადამიანებს შორის მიუღებელია და წინააღმდეგი ვარ, რასაც ლგბტ თემი ქადაგებს. ვერანაირი თეორიით ვერ ამიხსნიან, რომ ეს ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა. ადამიანის წარმოშობის ორად ორი თეორია არსებობს. ეს საღვთო და ევოლუციური თეორიაა. ღმერთმა ადამიანი ქალად და კაცად შექმნა, მათ შორის ურთიერთობა აკურთხა და კაცობრიობა ამის საშუალებით მრავლდება. ევოლუციური თეორიის მიხედვით, ბუნებრივი გადარჩევის გზით ადამიანი ორი სქესის არსებად, ქალად და კაცად ჩამოყალიბდა. სხვადასხვა სქესს შორის ურთიერთობა ბუნებრივია და გამრავლებას იწვევს. თუმცა, მე რომ ამის გამო ვიღაცაზე ვიძალადო, ეს რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ძალადობა დაუშვებელია ისევე, როგორც სხვა ძალადობის ფორმები. მათ შორის ძალადობა არც ამ კონკრეტულ შემთხვეევაში არ შეიძლება. მათ შეიძლება აზრის გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ. ხშირ შემთხვევაში ძალადობა საპირისპიროდაც ხდება. რა თქმა უნდა, თავისი აზრის გამოხატვის უფლება როგორც ერთ, ისე მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ამ საკითხის მიმართ ეს მისი აზრი და დამოკიდებულებაა“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.