საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრი მირიან წიკლაური საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს.
როგორც პირველ არხს წიკლაურმა განუცხადა, მისი მმართველ გუნდში დარჩენა დამოკიდებული იქნება ამ დღეებში განვითარებულ პროცესებზე.
„კონსულტაციებს დაველოდები და გადაწყვეტილებას მივიღებ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა და თანხმობებიც. თუ პოზიციების დაახლოება მოხდება სოციალურ ეკონომიკური მიმართულებით, თანაგუნდელებთან დაშორების სურვილი არ მაქვს”, – განაცხადა წიკლაურმა.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ასევე აპირებენ ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრები კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი და რუსლან პოღოსიანი.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა უკვე დატოვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატი საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირებს.