მირიან წიკლაური - დეპუტატების პლებეებისა და პატრიციების მსგავსად დაყოფა არ შეიძლება
მირიან წიკლაური - დეპუტატების პლებეებისა და პატრიციების მსგავსად დაყოფა არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ პროექტში ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი დარჩება.

როგორც ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცხადა, ყველა დეპუტატი ერთნაირი მანდატით არის არჩეული. შესაბამისად, შეურაცხმყოფელია, თანაბარ პირებს შორის რომელიმეს მეტი უფლება ჰქონდეს, განსაზღვროს, კოლეგამ რა უნდა ილაპარაკოს და მისი საქციელის ეთიკური მხარე შეაფასოს.

„არ შეიძლება, პლებეებისა და პატრიციების დაყოფა ხდებოდეს. არ შეიძლება, ზოგიერთს ისეთი შეფასების უფლება მიეცეს, რისი უფლებაც არ გააჩნია. ჩვენი საქციელის შეფასების უფლება მხოლოდ ამომრჩეველს აქვს, სხვას – არა. ჩვენი საქციელის გათვალისწინებით,  ამომრჩეველი გადაწყვეტს, მხარს დაგვიჭერს თუ არა. დეპუტატს უფლება არ უნდა ჰქონდეს, მეორე დეპუტატის საქციელი შეაფასოს. თუ რეგლამენტში ეთიკის საბჭოზე ჩანაწერი იქნება, დოკუმენტი ჩემს ხმას ვერ მიიღებს“, – დასძინა წიკლაურმა.

პარლამენტის რეგლამენტში მომზადებული ცვლილებებით, დეპუტატის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული. კანონმდებელთა არაეთიკურ საქციელზე ეთიკის საბჭო იმსჯელებს, რომელიც დეპუტატებით უნდა დაკომპლექტდეს.