გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე რეგლამენტში რაიმე ცვლილება არ ხორციელდება
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე რეგლამენტში რაიმე ცვლილება არ ხორციელდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რეგლამენტის ცვლილებების მიღება ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე არ ხდება.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, თუ ვინმე გარკვეულ დროს ან თანამდებობებს იმცირებს, ეს საპარლამენტო უმრავლეობაა.

მისი თქმით, ცვლილებების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა აღარ იარსებებს და როგორც სუბიექტები, მხოლოდ ფრაქციები იქნებიან.

„იქნება საპარლამენტო ოპოზიცია, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია. პარლამენტში ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ფრაქციები იქნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა რაციონალური და ოპტიმალური იყოს, გარკვეული სახის თანამდებობების რაოდენობის შემცირება იგეგმება.

„კერძოდ, საუბარია ვიცე-სპიკერების რაოდენობის შემცირებაზე. არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე რეგლამენტში რაიმე სახის ცვლილებების განხორციელება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.