მირიან ქათამაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების მხრივ კანონდარღვევა არ გამოვლენილა
მირიან ქათამაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების მხრივ კანონდარღვევა არ გამოვლენილა

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს და ამ მხრივ, კანონდარღვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, მკაცრად კონტროლდება ყველა შეზღუდვის შესრულება, მათ შორის დახურულ სივრცეში პირბადეების გამოყენების მოთხოვნაც.

„დღეს 12:00 საათიდან იკრძალება მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ქობულეთშიც ავტომობილებით გადაადგილება და ეს მოთხოვნა ამ დროისთვის სრულდება. კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია. რაიმე სახის დარღვევა ამ ეტაპზე არ გამოვლენილა, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, „კოვიდ 19“-ის პრევენციის ღონისძიებების შესახებ ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს და გააკეთოს სამართლებრივი რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ გავაკონტროლებთ ყველა მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის დახურულ სივრცეებში პირბადებიის გამოყენებასაც. ქალაქში მოძრაობს შესაბამისი სამსახური, ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას ატყობინებს ამ დამატებითი შეზღუდვის შესახებ და აფრთხილებს, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი თავი და მოქალაქეები“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

რაც შეეხება სურსათის მარაგს, როგორც ქათამაძემ აღნიშნა, მერია მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში უმნიშვნელო დეფიციტიც კი არ შეიქმნას.

„საკვებთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არ შეიქმნას უმნიშვნელო დეფიციტიც კი. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა წრეც ძირითადად განისაზღვრება ჩვენი წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ცხელ ხაზზე დაფიქსირირებული შეტყობინებებით, მერიას აქვს გამზადებული სასურსათო ამანათები, რომელიც შედგება პირველადი საკვები პროდუქტებისგან, ასეთი ოჯახებისთვის ვგეგმავთ წინასააღდგომოდ სხვადასხვა საჩუქრის გადაცემას, რომელიც შეიძლება იყოს პასკა, კვერცხი ან საღებავი, რომელიც იქნა სასურსათო კალათაში განთავსებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს თითქმის საბითუმო ფასებში ადგილზე საკვები პროდუქტებიც ე.წ მობილური ბაზრების მეშვეობით, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში“, – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.