მირიან ქათამაძე - კორონავირუსზე ტესტი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ 330 ადამიანს ჩაუტარდა
ახალ კორონავირუსზე ტესტი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ 330 ადამიანს ჩაუტარდა, – ამის შესახებ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ განაცხადა.
მერის თქმით, აღნიშნულ კლასტერთან დაკავშირებით დღეს რამე სახის მნიშვნელოვანი სიახლე არ გამოკვეთილა, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და ნიმუშის აღება.
„დღეისთვის დაახლოებით 330 კონტაქტი არის გატესტილი და შესაბამისად, არის უარყოფითი პასუხი. გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 50 ანალიზიდან იყო ყველა უარყოფითი, თუმცა არ გვაძლევს ეს დამშვიდების საშუალებას. ვრჩებით საშიში გავრცელების პირობებში“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.
ქობულეთის მერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში, მოერიდონ კონტაქტებს და დაიცვან სოციალური დისტანცია.