მირიან ნიკოლაძე - გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული
მირიან ნიკოლაძე - გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული

გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული, – ამის შესახებ მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოზარდების ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები ნამდვილად მისი მკვლელები არიან.

„ყველამ ნახეთ ჩანაწერები, ბუნებრივია, აქედან ნათელი გახდა, რომ ტყუილად არავინაა დაჭერილი, დაჭერილი არიან გიორგის მკვლელები. ეს ცალსახად ჩანს, იგივე არასრულწლოვნის საუბრიდანაც, რომელიც ამბობს რომ შეეცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო დაწყნარება, გაშველება თუ მსგავსი რამ. ანუ, მიუთითა პირდაპირ, რომ გიორგის სცემდნენ მისი თანხმლები პირები და შესაბამისად, მათ მოკლეს გიორგი. თქვენ, ასევე უსმინეთ რევაზიშვილის შიშებს რომ ჩანთაზე არ ამოსულიყო დეენემი, ამის მოლოდინში იყვნენ და გადარჩენ, ვინაიდან მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულება აღარ იარსებებდა. ასევე,  ყველამ ვნახეთ ის აგრესია, რაც მოდიოდა რევაზიშვილისგან მოწმის ოჯახის მისამართით, ადამიანი რომელიც ქალზე და ბავშვზე იტყვის რომ უნდა შეაშინონ და ზეწოლა მოახდინონ, ის ადამიანი თუ დაინდობს 19 წლის მოზარდს, რომელზეც გამწარებულია, საცემად და მოსაკლავად მისდევს, მითხრას ვინმემ. მთლიანი ლუსტრაცია მოხდა იმის, რაც არის დღეს გამოძიების ძირითადი ვერსია. მათ თავისივე პირით დაადასტურეს რომ ისინი არიან მკვლელები“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, ბრალდებულ ზ.ხ.-ს განცხადებაზე, რომ თუ მას გაამტყუნებენ, მამამისი სისხლის გუბეებს დააყენებს, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მისთვის ეს თემა საინტერესო არ არის.

„არ ვიცი, 16-17 წლის მოზარდი ვისთან ტრაბახობს იქ და ზოგადად რა შესაძლებლობის მატარებლები არიან, თვითონ იძახის რომ ვანო მერაბიშვილის აგენტობის გარდა არაფერი უკეთებია მამამისს. ყველაზე რთული და ტრაგიკული ის გახლავთ, რომ ეს 16-17 წლის ბავშვი ეტრაბახება თავის თანატოლებს მამამისი როგორ დააყენებს სისხლის გუბეებს გარეთ, ეს მისთვის არის მაგალითი, ეს არის მისთვის მისაბაძი, მისაღები და ბუნებრივია, ამით ხაზს უსვამს, რომ თვითონ ასეთი ქმედების განხორციელებას თანხმდება, ეს არის ტრაგედია თორემ ჩემს მიმართ რა განხორციელდება საერთოდ არ მაინტერესებს“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშილის ოჯახი გამოძიებას სრულად ენდობა.

„ოჯახის ნდობა გამოძიებისადმი რომ სწორი საქციელი იყო, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა წუხანდელი ფირებითაც. აქ კითხვები აღარ არსებობს, რადგან საზოგადოებისთვის თუ ჯერ კიდევ არსებობდა კითხვები, წუხანდელის მერე ეს კითხვებიც აღმოფხვრილია“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

გუშინ, მედიაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის კადრები გასაჯაროვდა, სადაც ის მომხდარზე საუბრობს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მედიაში გასაჯაროებული კადრები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით, კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია.