საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ორ რუს ბობსლეისტზე – ალექსანდრ ზუბკოვსა და ოლგა სტულნევაზე, აგრეთვე ორ მოციგურავეზე – ოლგა ფატკულინასა და ალექსანდრ რუმიანცევზე გადაწყვეტილება მიიღო.
სადისციპლინო კომისიამ დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, ეს სპორტსმენები ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დაადანაშაულა და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე მათი შედეგები გააუქმა. ასე რომ, რუსეთმა დაკარგა ორი ოქროს მედალი, რომელიც ზუბკოვს ჰქონდა მოგებული და ერთი ვერცხლი, რომელიც ფატკულინამ ციგურებით რბენაშე 500 მეტრ დისტანციაზე მოიპოვა. ამ ოთხეულს სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიადებში მონაწილეობა, მათ შორის, პიონჩანგის თამაშებში, რომლებიც 2018 წლის თებერვალში გაიმართება.
შესაბამისად, რუსეთს დარჩა 10 ოქრო, შვიდი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა სოჭის ოლიმპიადის მედლების სიაში. პირველ ადგილზე გადავიდა ნორვეგია (11 ოქრო, ექვსი ვერცხლი, 12 ბრინჯაო), მეორეზე – კანადა (10-10-5).
ზუბკოვმა სპორტული კარიერა 2014 წელს დაასრულა და დღეს ის რუსეთის ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტია.
უფრო ადრე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ანალოგიური სასჯელი გამოუტანა ექვს რუს მოთხილამურეს – ალექსანდრ ლეგკოვს, ევგენია ბელოვას, მაქსიმ ვილეგჟანინს, ალექსეი პეტუხოვს, ევგენი შაპოვალოვსა და იულია ივანოვას, აგრეთვე ოთხ სკელეტონისტს – ალექსანდრ ტრეტიაკოვს, ელენა ნიკიტინას, მარია ორლოვასა და ოლგა პოტილიცინას.
ჩამოთვლილი სპორტსმენებიდან ლეგკოვმა დაკარგა სოჭის თამაშების ოქრო და ვერცხლი, ვილეგჟანინმა – სამი ვერცხლი, ტრეტიაკოვმა – ოქრო და ნიკიტინამ – ბრინჯაო.