სოჭი 2014 - რუსეთისთვის ჩამორთმეული მედლების რიცხვი თერთმეტამდე გაიზარდა
სოჭი 2014 - რუსეთისთვის ჩამორთმეული მედლების რიცხვი თერთმეტამდე გაიზარდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომიტეტმა ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა სამ რუს ბობსლეისტს – ალექსანდრ კასიანოვს, ალექსეი პუშკარიოვსა და ილვირ ხუზინს, – იუწყება ორგანიზაციის პრეს-სამსახური. გაუქმებულია ამ სპორტსმენთა შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე, გარდა ამისა, მათ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

კასიანოვის ეკიპაჟმა სოჭის თამაშებზე ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავა ორადგილიანი და ოთხადგილიანი ბობებით გამოსვლისას. მას შემდეგ, რაც ამ დისციპლინებში გამარჯვებულმა, ასევე რუსმა ალექსანდრ ზუბკოვმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქროს მედლები ჩამოერთვა, კასიანოვმა ერთი ადგილით წინ წაიწია და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, მაგრამ, ახლა, მას ეს მედლები ჩამოერთვა.


ასე რომ, უკვე 22-მდე გაიზარდა იმ რუსი სპორტსმენების სია, რომლებსაც დისკვალიფიკაცია მისცეს სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ. შედეგად, რუსეთის ოლიმპიურმა გუნდმა 2014 წელს მოპოვებული 11 ოლიმპიური მედალი დაკარგა – 3 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. მედლების საერთო რაოდენობით, რუსეთი კიდევ ერთი ადგილით ქვემოთ დაეშვა – მას ჰოლანდიამაც გაუსწრო.


სხვათა შორის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომიტეტს ჯერ ისევ გამოსატანი აქვს ვერდიქტი ბობსლეისტ ალექსეი ვოივოდას, მოთხილამურეების – იულია ჩეკალიოვასა და ანასტასია დოცხენკოს, ბიატლონისტ ოლგა ზაიცევას საქმეებზე.


შეგახსენებთ, რომ მთელი სპორტული სამყარო 5 დეკემბერს ელოდება. ამ დღეს, ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გამოაცხადოს – დაუშვებს თუ არა რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე, რომელიც პიონჩანგში გაიმართება.