რუსეთის ოლიმპიურ გუნდს სოჭის ოლიმპიადის 33 მედლიდან 20 დარჩა
რუსეთის ოლიმპიურ გუნდს სოჭის ოლიმპიადის 33 მედლიდან 20 დარჩა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი ოლიმპიელებისთვის სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების ჩამორთმევა განაგრძო. ამჯერად, დენის ოსვალდის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, ორი ვერცხლის მედალი მოციგავე ალბერტ დემჩენკოს ჩამოერთვა. მან სოჭში პირად და გუნდურ ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა. დემჩენკოს უკვე დასრულებული აქვს კარიერა და ამ მომენტისთვის, რუსეთის მოციგავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

დემჩენკოს გარდა, კიდევ 10 რუსი სპორტმენის სოჭის ოლიმპიადაზე შედეგი გააუქმეს. მათ სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიადებში მონაწილეობა. ესენი არიან: მოციგავე ტატიანა ივანოვა, მოთხილამურეები – ნიკიტა კრიუკოვა, ალექსანდრ ბესმერტნიხი, ნატალია მატვეევა, ციგურებით მორბენლები ივან სკობრევი და არტიომ კუზნეცოვი, ბობსლეისტები ლუდმილა უდობკინა, მაქსიმ ბელუგინი, ჰოკეისტები ტატიანა ბურინა და ანა შჩუკინა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, რუსეთის ოლიმპიურ გუნდს სოჭის ოლიმპიადაზე 20 მედალი დარჩა (10 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე იმყოფება. არადა, რუსეთს 33 მედლით (13 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) პირველი ადგილი ჰქონდა 2014 წლის თამაშებზე. დოპინგის მასობრივი გამოყენების გამო, რუსებმა უკვე 13 მედალი დაკარგეს. ჯამში გაუქმებულია 43 სპორტსმენის შედეგი და მათ სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიადებში მონაწილეობა.