მინდია საბანაძე - ბიზნესგარემო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი, გამჭვირვალე, როგორიც ახლაა, ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, ბიზნესგარემო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა, – ამის შესახებ „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი მინდია საბანაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, როგორც მინდია საბანაძე აღნიშნავს, დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია.
„მე, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელს, მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას. დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, – წერს მინდია საბანაძე.