მინდელის შახტში მომხდარზე გაერთიანებული პროფკავშირები უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს
მინდელის შახტში მომხდარზე გაერთიანებული პროფკავშირები უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

მინდელის შახტში მომხდარზე პროფკავშირები უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს, – ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც პროფკავშირებმა აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენ ჩართულები ვართ პროცესებში. საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ. მანამდეც გვქონდა განსხვავებული შეხედულება და ეჭვი 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ეს ეჭვი კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. როდესაც საბოლოო დასკვნას მივიღებთ ჩვენ მიერ ჩამოყვანილი სპეციალისტებისგან, რაც ეჭვს უფრო მეტად დაგვიდასტურებს, აუცილებლად გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

რა ეჭვზე საუბრობს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ხომ არ არის საუბარი მინდელის შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან პეტრიაშვილმა თავი შეიკავა.

საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

პარლამენტთან პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა არსებული შრომითი კანონმდებლობა გააპროტესტეს.