მინდელის შახტის დირექტორი გამოკითხვაზე იმყოფებოდა - მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ
მინდელის შახტის დირექტორი გამოკითხვაზე იმყოფებოდა - მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ

შახტში უსაფრთხოების სისტემა გამართული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ მინდელის შახტის დირექტორმა, აკაკი ახვლედიანმა განუცხადა.

ახვლედიანი ტყიბულში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე 11:00 საათიდან იმყოფებოდა.

„გამომძიებლების ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ. ჩვენ მზად ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს, დადგება თუ არა შახტში გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

რაც შეეხება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ პოზიციას მინდელის შახტის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, ისევე როგორ მეშახტეთა ხელფასების თემა, მის კომპეტენციაში არ შედის.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, მეშახტეთა დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ შახტშია დასაქმებული.

„ქალაქში აბსოლუტურად ყველა დამოკიდებულია ამ საწარმოზე. ერთი საწარმო მუშაობს გამართულად, ნამდვილად ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში ცხოვრება იყოს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

პოლიციაში ასევე გამოიკითხნენ შახტის მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე და უბნის უფროსი მურად აბულაძე.

ტყიბულში, მინდელის შახტში გუშინ ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა.