მინდა, ჩემი გუნდი იყოს პირველი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს - ვინ იყო ილია კოკაია, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა #1TVSPORT
მინდა, ჩემი გუნდი იყოს პირველი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს - ვინ იყო ილია კოკაია, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა #1TVSPORT

„გვსურს გავხდეთ პირველი ქართული გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე თამაშის უფლებას მოიპოვებს“, – ასეთი იყო „ზესტაფონის“ პრეზიდენტის და დამფუძნებელის ილია კოკაია სურვილი, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა.

 

„ზესტაფონის“ აღმასვლა

მან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და გუნდს მაშინვე ხელი დაატყო.

მისი პრეზიდენტობის დროს „ზესტაფონი“ საქართველოს წამყვანი კლუბი გახდა და ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა (2010/2011, 2011/2012), გახდა ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).

მაგრამ მიზნის ახდენა არ ეწერა. 2015 წელს გარიგებული თამაშებისადმი პროტესტის ნიშნად კლუბი დატოვა და სტადიონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადასცა. თუმცა, დაბალ ლიგაში დაქვეითებულ გუნდს მაინც ეხმარებოდა და ახლა ლიგა 3-ში დაწინაურებულ „ზესტაფონს“ აფინანსებდა.

 

ინფრასტრუქტურა

მისი გარდაცვალებით ქართულ ფეხბურთს დიდი მოამაგე დააკლდა. კოკაიას ინიციატივით „ზესტაფონის” საკლუბო ინფრასტრუქტურში გაჩნდა თანამედროვე სტადიონი და ბაზა ზესტაფონში, ასევე თბილისის ზღვის ბაზა, რომლითაც საქართველოს ნაკრებების და კლუბების გარდა, ჩამოსული სტუმრები სარგებლობდნენ, რადგან გამორჩეული დონის და ხარისხის სპორტული ცენტრია.

„ჩვენი პრიორიტეტია სავარჯიშო მოედნების, აღდგენითი ცენტრის და იმ ინფრასტრუქტურის გაკეთება, რომლის გარეშეც ბავშვთა ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია“, – ამბობდა ილია კოკაია.

 

მთამსვლელობა

ტრაგიკული შემთხვევა მწვერვალ სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. არადა, გამოცდილ მთამსვლელს ბევრად რთული და მაღალი მწვერვალები დაულაშქრავს – უშბა, მყინვარწვერი, მონბლანი, ჰიმალაის მთები და ა.შ.

10 ოქტომბერს საქართველოს დროშა აფრიკის უმაღლეს მწვერვალ კილიმანჯაროზე (5895 მ) აღმართა.

„მექა ტურისტული ალპინიზმისთვის (არა სპორტული),რომელზეც უდიდესი მოთხოვნაა დღეს მთელ მსოფლიოში. აქ ხვდება მაღალი პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც შედგება გიდების, პორტერების, მზარეულების და სამედიცინო პერსონალისაგან. ჩვენ 10-კაციან ჯგუფს 37 ადამიანი ემსახურებოდა. უმკაცრესი რეგულაციები, რეინჯერების და მაშველთა სერვისი მთელი დაცული ტერიტორიის ფარგლებში, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისს. საქართველოში ამ სერვისის შექმნა ძალზე რეალურია თუ კი ქვეყანა გამოვა მუდმივი არჩევნების ფაზიდან და გადავა ბიზნესის განვითარების ფაზაში“, – წერდა სოციალურ ქსელში ილია კოკაია.

 

ილია კოკაია

დაიბადა 1956 წლის 3 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

1973 წელს დაამთავრა თბილისის #39 საშუალო სკოლა.

1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით.

1990 წლამდე მუშაობდა „საქენერგოს” სისტემაში, სადაც მისი ბოლო თანამდებობა ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის ცვლის უფროსობა იყო. 1990 წლიდან ლითონნაკეთობათა წარმოების და რეალიზაციის ბიზნესშია.

1996 წელს გახდა პირველი ქართველი ფიფა-ს საფეხბურთო ლიცენზირებული აგენტი – იმ მომენტისთვის, მსოფლიოში სულ 13 აგენტი იყო, რომელთაგან 6 გერმანელი, 3 ინგლისელი, დანარჩენი კი ევროპის კიდევ 4 ქვეყნის წარმომადგენლები გახლდნენ. ეს საქმიანობა მხოლოდ 2004 წელს, „ზესტაფონის“ დაფუძნებისას შეწყვიტა. 1998-1999 წლებში იყო ტირასპოლის „შერიფის“ გენერალური დირექტორი.

2003-2007 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი. 2004 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი.