ილია კოკაია - თბილისში „ზესტაფონის“ აკადემიის გახსნა ისლანდიაში ნანახის შემდეგ გადავწყვიტე
ილია კოკაია - თბილისში „ზესტაფონის“ აკადემიის გახსნა ისლანდიაში ნანახის შემდეგ გადავწყვიტე

თბილისში ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა – საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემია თბილისშიც ამოქმედდება.

საწვრთნელი პროცესი წარიმართება საფეხბურთო კლუბის თბილისის ზღვის ბაზის მინდვრებზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები სისტემატურად ვარჯიშობს.

ახალი საფეხბურთო სკოლის დაფუძნება „ზესტაფონის“ პრეზიდენტის, ილია კოკაიას ახალი პროექტია. აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა დვალი იქნება. პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთო აზრით, ბუნებრივ საფარზე ვარჯიში მომავალ ფეხბურთელებში ტრავმიანობის რისკს საგრძნობლად შეამცირებს.

ილია კოკაია, „ზესტაფონის“ პრეზიდენტი: „ისლანდიაში, ამ ცივ ქვეყანაში ბავშვებს ბუნებრივ საფარზე ავარჯიშებდნენ. მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ საქართველოში გამეხორციელებინა პროექტი, რომელიც ბავშვებს სწორ გაზრდაში ხელს შეუწყობს. ყველა ვუყურებთ, ჩვენს ბავშვებსა და ნაკრების წევრებში ტრავმიანობა როგორი გახშირებულია. ეს ყველაფერი ხელოვნური საფარიდან მოდის. ჩვენთან კი ბავშვები „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზის იმ მინდვრებზე მოემზადებიან, სადაც სისტემატურად საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს“.

დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: „მოხარული ვარ, რომ ილია კოკაია ფეხბურთში კვლავ აქტიურად არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში კიდევ ერთი თანამედროვე საფეხბურთო აკადემია ყალიბდება, სადაც ბავშვებმა მშვენიერ პირობებში ივარჯიშებენ. როცა „ზესტაფონის“ აკადემია კატეგორიზაციას გაივლის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებენ, მათ შორის, მწვრთნელთა მომზადებაში“.