საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელმა მყინვარწვერი დალაშქრა
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელმა მყინვარწვერი დალაშქრა

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი, საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე მყინვარწვერი (ყაზბეგი) დალაშქრა – ინფორმაციას „ზესტაფონის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

კოკაია ექსპედიციაში მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელთა შორის საქვეყნოდ ცნობილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე გახლდათ.

მწვერვალი ყაზბეგი (ქართულ ტრადიციაში მყინვარწვერად ცნობილი) გახლავთ ვულკანური წარმოშობის მწვერვალი, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე მდებარეობს. სამეცნიერო წრეებში არსებული ბოლო მონაცემებით, ყაზბეგის სიმაღლე 5054 მეტრი გახლავთ.

მყინვარწვერის მწვერვალს ბატონმა ილია კოკაიამ პირველად შარშან აგვისტოში, ასევე მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად შეუტია. რაც შეეხება წლევანდელ ლაშქრობას, ის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო, ხოლო ალპინისტთა ჯგუფმა მწვერვალს 29 სექტემბერს 12:03 საათზე მიაღწია.