საფეხბურთო ტაიმაუტი | ილია კოკაია - „ზესტაფონი“ საინტერესო პროექტი იყო და ამით ვამაყობ​ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ილია კოკაია - „ზესტაფონი“ საინტერესო პროექტი იყო და ამით ვამაყობ​ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ზესტაფონის“ პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბის აღორძინების სურვილი დაადასტურა. მაგრამ განაცხადა, რომ ხელი გარემომაც უნდა შეუწყოს.

„ჩემპიონთა ლიგამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, ეს დეტალებია და ფეხბურთი ამისგან შედგება. „ზესტაფონი“ საინტერესო პროექტი იყო და ამით ვამაყობ. გვსურდა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ხალხს დააინტერესებდა. საამისოდ გუნდს ლამაზი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. მე სტადიონზე ვერ მიმიყვანდი, თუ კარგ ფეხბურთს არ თამაშობდნენ.

ვამაყობდი „ზესტაფონის“ პროექტით. გერმანიის საელჩოდან 5-6 კაცი დადიოდა ჩვენს თამაშებზე. ეროვნულ ჩემპიონატში რატომ არ დადის ხალხიო – გუნდებში ვინმე ხომ უნდა ნახონ. მაგრამ დიდ ფეხბურთს დიდი ძალისხმევა და ფინანსები სჭირდება. მიდგომაც არის საჭირო.

ახლა „ზესტაფონი“ მე-4 ლიგაშია. ჩვენ 2015 წელს მოგვკვეთეს, რადგან მოთამაშეზე იყო ზეწოლა და სტადიონზე გუნდი არ გავიდა. ვთქვი, ტოტალიზატორი გვიტევს-მეთქი. ამას მაშინდელი სფფ-დან რეაქცია რომ არ მოჰყვა, ფეხბურთიდან წავედი. ეს საქმე გამოძიებულია, ფიგურანტებიც ცნობილია. სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობა რომ მოვიდა, კობიაშვილი გულშემატკივრებს სამართლიანობის აღდგენას შეჰპირდა. მაგრამ ისევ არის ისე, როგორც არის.

ქართულ ფეხბურთში პერსპექტივას თუ ვხედავ? კი, ვხედავ. მინდა, საკუთარი შეცდომები გავითვალისწინოთ და ისე განვვითარდეთ. მთავარია, ბავშვები გავზარდოთ.“