ფიფა-ს პრეზიდენტი - სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ სევდას, რასაც ილია კოკაიას გარდაცვალების გამო განვიცდით #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი - სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ სევდას, რასაც ილია კოკაიას გარდაცვალების გამო განვიცდით #1TVSPORT

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონი“ მფლობელის, ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამძიმრის წერილი გააგზავნა.

გთავაზობთ წერილს, რომლიც, „ზესტაფონის“ საფეხბურთო კლუბს ფიფა-დან გაუგზავნეს და კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.

„მინდა, გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით. ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში… მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება. ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ! ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს“, – ვკითხულობთ ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წერილში.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. გამოცდილი მთამსვლელი მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ, გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, თბილისში ააშენა „ზესტაფონის“ ბაზა, რომლითაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე ქართული კლუბები და ჩამოსული სტუმრები ვარჯიშობდნენ.

მისი ხელმძღვანელობით, „ზესტაფონი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/2011, 2011/2012), ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).

ბიზნესმენი, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია 27 ნოემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.