მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 97,1 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,7 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,8 ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით – 6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 46,4 (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4,6 ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით – 12,5 ათასი ტონით) ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 28,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 24,3 ათასი ტონა (25%), აზერბაიჯანი – 24,0 ათასი ტონა (24,7%), თურქმენეთი – 8,5 ათასი ტონა (8,8%), ბულგარეთი – 8,3 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი – 3,1 ათასი ტონა (3,2%).