მილიარდი წლის წინ, ირმის ნახტომის ცენტრში ასობით ათასი სუპერნოვა აფეთქდა — ახალი კვლევა
ირმის ნახტომის გული ფრიად წყნარი ადგილია არც ისე აქტიური შავი ხვრელითა და შიგადაშიგ რამდენიმე ახალი ვარსკვლავის გაჩენით. თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო. როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, დაახლოებით მილიარდი წლის წინ, ამ რეგიონში ვარსკვლავთა აფეთქებები მძვინვარებდა.
ასტრონომთა განცხადებით, ეს გახლდათ ირმის ნახტომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენები, რამაც შეიძლება, სრულიად შეცვალოს ჩვენი ამჟამინდელი წარმოდგენა მშობლიურ გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებლის შესახებ.
გალაქტიკური ცენტრი ირმის ნახტომის შუაგულში, 490 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული ვარსკვლავებით უხვი რეგიონია; ივრცობა სუპერმასიური შავი ხვრელის, სახელად მშვილდოსანი A*-ს გარშემო.
ცნობილია, რომ გასული რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში ამ რეგიონში მიმდინარეობდა ახალ ვარსკვლავთა დაბადების გარკვეული პროცესები. ვარსკვლავების სიმკვრივეზე დაყრდნობით, ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ აქტიური იყო; ერთ-ერთი წინა კვლევის მიხედვით კი, ის თითქმის მუდმივად გრძელდება გალაქტიკის 13,5 მილიარდ წლიანი ისტორიის განმავლობაში.
ახლახან, გალაქტიკის ცენტრს ასტრონომები უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდნენ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT).
მათი ძირითადი მიზანი იყო შეესწავლათ ჩვენი გალაქტიკის გულის ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორია; დაკვირვებათა შედეგები სრულიად განსხვავებულ ამბავს გვიყვება.
გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომის, ფრანსისკო ნოგერას-ლარას განცხადებით, ამ დრომდე შეთანხმებული მოსაზრებისგან განსხვავებით, მათ აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავთწარმოქმნა სულაც არ მიმდინარეობდა უწყვეტად.
მკვლევართა ჯგუფის მიერ მონაცემებისთვის ჩატარებული ანალიზების შედეგად ირკვევა, რომ გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავთა უმეტესობა, დაახლოებით 90 პროცენტი, გალაქტიკის ისტორიის პირველ ნახევარში დაიბადა, 8-13,5 მილიარდი წლის წინანდელ მონაკვეთში.
დანარჩენ 6 მილიარდ წელიწადში შეიძლება მცირე ოდენობით ვარსკვლავი წარმოიქმნა, მაგრამ დიდწილად, ეს პროცესი შეჩერებული იყო.
თუმცა, დაახლოებით მილიარდი წლის წინ ყველაფერი თავდაყირა დადგა, ვარსკვლავების წარმოქმნა კვლავ არანორმალურად დიდი მაჩვენებლით დაიწყო. დაახლოებით 100 მილიონი წლის განმავლობაში დაიბადა საერთო ჯამში 42 მილიონი მზის მასის ოდენობის ვარსკვლავი.
ნოგერას-ლარას განმარტებით, აქტივობის ამ აფეთქების პერიოდში, ეს რეგიონი ე. წ. აფეთქებულ გალაქტიკებსს წააგავდა, რომლებშიც წელიწადში 100 მლნ მზის მასაზე მეტი ოდენობის ვარსკვლავი იბადება.
ამჟამად ირმის ნახტომში ვარსკვლავთა დაბადების მაჩვენებელი დაბალია და წელიწადში 1-2 მზის მასას უდრის. ვარსკვლავთწარმოქმნის აფეთქების პერიოდში სხვანაირი ვარსკვლავები წარმოიქმნება — უკიდურესად მასიურები, რომლებიც ძლიერ კაშკაშებენ და ძალიან მაღალ ტემპერატურაზე იწვიან. ასეთი ვარსკვლავები ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ, დაახლოებით 10 მილიონ წელიწადს, შემდეგ კი მძლავრ სუპერნოვად ფეთქდებიან.
მკვლევართა აზრით, სწორედ ეს მოხდა ირმის ნახტომის ცენტრში მილიარდი წლის წინ.
როგორც ნოგერას-ლარა აღნიშნავს, ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო ასობით ათასი სუპერნოვას აფეთქებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე ენერგეტიკული მოვლენა უნდა ყოფილიყო ირმის ნახტომის მთლიანი ისტორიის განმავლობაში.
მკვლევართა თქმით, გალაქტიკის ისტორიის ამ ექსტრაორდინარული მონაკვეთის კონკრეტულ მოვლენათა დეტალებს ნათელს მოჰფენს შემდგომი კვლევები.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.