მიხეილ ჩხენკელი - ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის არც ერთი სტუდენტი სასწავლებლის მიღმა არ დარჩება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებას და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება.
მინისტრის თქმით, მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაში განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამიტომ, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სტუდენტების მიერ მიღებული დიპლომი მაღალი ხარისხის განათლების დამადასტურებელი საბუთი იყოს.
„ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესის მიზანია, საზოგადოება, სტუდენტები და მათი მშობლები არ დარჩნენ მოტყუებულნი. იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტი ხარისხიან განათლებას მიიღებს“, – განმარტა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესს და ობიექტურ გარემოებებს, რაც ბევრი უმაღლესი სასწავლებლისთვის განვითარებისა და განახლების შესაძლებლობაა მაგრამ, ისინი, ვინც დაწესებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ავტორიზაციას ვერ მიიღებენ.
მინისტრმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ უმაღლესი განათლების მიღმა არც ერთი სტუდენტი არ დარჩება. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობას იმ უმაღლესების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ავტორიზაცია შეუწყდათ. სტუდენტებს შეეძლებათ სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაშიც ცენტრი კონსულტაციებით და სასწავლებლებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
მიხეილ ჩხენკელმა მზადყოფნა გამოთქვა, ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს პირადად დღესვე შეხვდეს და ამ თემაზე უფრო დეტალურად ესაუბროს.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.