მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს თუ სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს სტატუსის მოპოვებაში, ვალდებულია, მთავრობასთან, პარლამენტთან შეათანხმოს და შემდეგ გადაწყვიტოს ვიზიტის საკითხი
მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს თუ სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს სტატუსის მოპოვებაში, ვალდებულია, მთავრობასთან, პარლამენტთან შეათანხმოს და შემდეგ გადაწყვიტოს ვიზიტის საკითხი

რეალურად, პრეზიდენტის მიერ იგეგმებოდა ვიზიტები, რომლებსაც, როგორც ჩანს, დასაბუთება აკლდა და გამგზავრება რომ გამართლებულიყო, მოგვიანებით წარმოდგენილი იყო სტატუსის საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, კონსტიტუციის თანახმად, მსგავს სამუშაო ვიზიტებს მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება.

„ოპოზიცია კითხვას მანიპულაციურად სვამს, რას გააფუჭებს ვიზიტებში პრეზიდენტი? პირველ რიგში, მათ უნდა თქვან, რატომ მიაჩნიათ არასწორად კონსტიტუციის შესაბამისი დებულება. კონსტიტუციაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ საგარეო პოლიტიკის დამგეგმავი და განმახორციელებელი, პარლამენტთან ერთად, არის მთავრობა, პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობითი უფლებები კი შეზღუდულია და სავალდებულოა მთავრობის თანხმობა. როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მან გადასარევად იცოდა, რა იყო პრეზიდენტის ფუნქცია, კომპეტენცია და უფლებამოსილება. მსგავსი ვიზიტები როცა იგეგმება, ეს მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს. მოგვიანებით გაკეთებული ახსნა, თითქოს ვიზიტები, მოგზაურობები ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებისთვის იყო წამოწყებული, რათა რაღაც ფორმით წახალისებული იყოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ამ მიმართულებით წარიმართოს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, როცა ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ვიზიტებზეა საუბარი, ეს ყველაფერი ანტურაჟისთვის გამოყენებულ არგუმენტებს ჰგავს და არა – რეალურ შინაარსს. რეალურად, იგეგმებოდა ვიზიტები, რომლებსაც, როგორც ჩანს, დასაბუთება აკლდა და იმისათვის, რომ გამგზავრება, მოგზაურობა გამართლებულიყო, მოგვიანებით წარმოდგენილი იყო სტატუსის საკითხი. ყველამ უნდა შევეცადოთ, ჩვენი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად დავგეგმოთ და არა – პირიქით, ჯერ დავგეგმოთ და კონსტიტუციის ნორმები ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან მოვიყვანოთ.

პრეზიდენტს თუ სურვილი აქვს, საკუთარი წვლილი შეიტანოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, ვალდებულია, მთავრობასთან, პარლამენტთან შეთანხმდეს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს კონკრეტული ვიზიტის საკითხი და არა პირიქით, ჯერ დაგეგმოს, შემდეგ მიზეზები მოიგონოს, როგორ შეიძლება, შეუთანხმებლად გაემგზავროს გერმანიაში თუ ისრაელში. ჯერ დაგეგმა და შემდეგ დაიწყო, რით ახსნილიყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რა რისკები შეიძლება, ახლდეს პრეზიდენტის ვიზიტს, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ შეუთანხმებელი პოზიციების გავრცელებამ, შესაძლოა, გარკვეული დისონანსი და პრობლემა შექმნას უცხოელ პარტნიორებთან.

„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან მიმართებით რისკი შეიძლება იყოს მანიპულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება, მათ შორის უცხოელი კოლეგებისთვის. საჭიროა ზედმიწევნით სიფრთხილე. შესაძლოა, არებობდეს საშიშროება, რომ გარკვეული უხერხულობა შექმნას პოზიციების შეუთანხმებლობამ და კითხვები გააჩინოს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არსებობს და მნიშვნელოვანია სტატუსის მიღებისთვის. შეთანხმებას თავისი მნიშვნელობა აქვს და ამის დაკნინება არ შეიძლება. სწორია, რომ უნდა შეთანხმდეს, რადგან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, რისკები არსებობდეს და ეს რისკები არც თუ ისე ჰიპოთეტურია. შეუთანხმებელი პოზიციების გავრცელებამ, შესაძლოა, გარკვეული დისონანსი და პრობლება შექმნას უცხოელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.