მიხეილ სარჯველაძე - მამულაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა და ახლა ცდილობს, მომხრეები შეიამხანაგოს
მიხეილ სარჯველაძე - მამულაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა და ახლა ცდილობს, მომხრეები შეიამხანაგოს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ მიიჩნევს, რომ ნონა მამულაშვილმა ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტირების იდეა შეიძლება, პოპულარული გახადოს.

მისივე თქმით, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვებით შეცდომა დაუშვა.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, მამულაშვილი ახლა ცდილობს, მომხრეები შეიამხანაგოს.

„მე მგონია, ქალბატონმა ნონამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეთვიანი საპარლამენტო მოღვაწეობისას მაინცდამაინც არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ოდიოზური ნაბიჯით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. როგორც ჩანს, ის აღიქვამს საკუთარ შეცდომას და მცდარ დამოკიდებულებას, ზოგადად, საპარლამენტო მოღვაწეობაში ოპოზიციის ჩართულობასა და როლთან დაკავშირებით, ახლა ცდილობს, ამ მიმართულებით რაღაცნაირად მომხრეები შეიამხანაგოს. მე არ მგონია, სწორი მიმართულება იყოს, რადგან არ მგონია, ამ თვალსაზრისით უმრავლესობაში იყოს, მათ შორის, მისავე მომხრეებში და შეძლოს, პოპულარული გახადოს იდეა ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი გამოდიან ინიციატივით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს დაემატოს კითხვა, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი.