მიხეილ სარჯველაძე - ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები ჰქონდა დაკისრებული
ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს.
„იურიდიული კომიტეტის მიერ განხილული იქნა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გულისხმობს დოკუმენტში რედაქციული ცვლილებების შეტანას. ეს განხილვაც ნაყოფიერი იყო. დაისვა რამდენიმე საკითხი, რომელიც კანონპროექტის შინაარსს არ ცვლიდა და შესაბამისად, კანონპროექტი ადამიანების ფართო წრეს მოიცავს, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეს კანონპროექტი. ეს არის იმ მუშაობის შედეგი, რომლის შედეგადაც, 1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება, შეეხება ამნისტია. ასევე, ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები. შესაბამისად, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, დაზუსტდა, რომ ამნისტია სისტემატურ დანაშაულის ჩადენაზე არ გავრცელდება.
„რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც კომიტეტზე განიხილებოდა, ეს ეხებოდა ზოგიერთ შემთხვევაში უფლების აღდგენის საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის შემდგომ უფლების აღდგენის გათვალისწინებას. მაგალითად, განსახილველი საკითხი ასევე უკავშირდებოდა კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისეთებს, როგორიც არის პრობაციის ეროვნული სააგენტოს უშუალოდ რომელი სტრუქტურული ერთეული წარმართავს შემდგომ უფლების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, გასწორდა ფორმულირება, რომელიც გულისხმობდა ზეპირი მოსმენის გარეშე უზენაესი სასმართლოს მიერ საჩივრების განხილვის შესაძლებლობას. კვლავაც, კანონპროექტი გაითვალისწინებს ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლოს შესაძლებლობას, რომ მსგავსი საკითხები გადაწყვიტოს, შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე. დაზუსტდა, რომ სისტემატურად დანაშაულის ჩადენაზე ეს არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა ტიპის ქმედებებს, ამაზე ამნისტია გავრცელდება. ამნისტია სისტემატურ ცემაზე არ გავრცელდება. ტექნიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვაგვარ ფორმულირებას მოითხოვდა კანონპროექტი იმისთვის, რომ მეორე ნაწილის გავრცელებას ხელი არ შეშლოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.