მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში თბილისის დროით 12:00 საათისთვის დაიწყება
ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პროცესი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათისთვის დაიწყება.
როგორც კიევიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იტყობინება, პროცესს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც დაესწრება. თუმცა, სხდომაზე ჟურნალისტებს დასწრების უფლებას არ აძლევენ.
სასამართლოსთან ამ დროისთვის რამდენიმე ათეული პოლიციელი და აქტივისტია შეკრებილი.
მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უკრაინის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლონ.