ყველაფერი მთავრდება 28-ში, სიცრუის, ტყუილების, განუვითარებლობის, გაღატაკების, ქურდობის ეპოქა მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაც არ უნდა მომხდარიყო 2007 წელს, კუდ-ის ორი თანამშრომელი მას გვარით არ ახსენებდა.
„რაც არ უნდა მომხდარიყო, 2007 წელს, კუდ-ის ორი თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა. იტყოდნენ – პირველმა, პრეზიდენტმა, სააკაშვილმა? მაგრამ ვინც მუშაობდა სისტემაში, ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ასეთ დავალებებს არ იღებდნენ რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი, რომ ეს საოცრება, სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, რისი იმედი აქვს, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს, თურმე ივანიშვილს იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძალიან მარტივია, აგონიაში არიან. ეს ხალხი, ვინც ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, ალბათ იმიტომ, რომ მათ იციან, კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ეს ხალხი ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებენ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება, იქიდან ადგეს. უნდა მოვუმთავროთ საქმე. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის, ტყუილების, განუვითარებლობის, გაღატაკების, ქურდობის, ბანდიტიზმის ეპოქა მთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად”, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ს.
საქართველოს პროკურატურამ დღეს აუდიოჩანაწერები გაავრცელა. ერთ ჩანაწერში გიორგი დგებუაძე (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელი, პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობენ. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრთან საუბარში ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებული იყო საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ. მეორე ჩანაწერში კი, კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე, შვილის გატაცებასა და მზარეულების მოსყიდვაზე საუბრობენ.